0
 
0
ყველაფერი კბილების ამოჭრის შესახებ
 
il_570xN.489747353_3vnf

ოხ, ეს საძაგელი კბილები, როგორ ატირებენ პატარას…

როდის იწყება და რამდენი ხანი გრძელდება კბილების ამოჭრის პროცესი?

პირველი კბილის ამოჭრის ზუსტი თარიღი ინდივიდუალურია და ყველა ბავშვისთვის სხვადასხვაა. ბავშვების უმეტესობას პირველი კბილი დაახლოებით ექვსი თვის ასაკში ამოსდის, თუმცა პ შეიძლება ერთი წლის ან 2-3 თვის ასაკშიც ამოვიდეს. კბილების ამოჭრა საბოლოოდ 2.5 – 3 წლის ასაკში მთავრდება და პატარას სულ 20 კბილი ამოსდის. ჩვენ გთავაზობთ მარტივ სქემას:

ასევე არაა განსაზღვრული, თუ რამდენი დრო დაჭირდება თითოეულ კბილს ამოსაჭრელად. შეიძლება ეს რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და მტკივნეული იყოს, ან ისე ამოვიდეს, ვერც გაიგოს პატარამ.  პირველი კბილის ამოჭრა როგორც წესი ყველაზე რთული და მტკივნეულია. შემდეგი კბილები შედარებით იოლად და მარტივად ამოჭრის.

პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ ყველაზე რთული უკანა, საღეჭი კბილების ამოსვლის პროცესია. ისინი ყველაზედიდი ზომისაა და შესაბამისად ამოსვლაც რთულად ხდება.

როგორ მივხვდეთ, რომ კბილების ამოჭრა დაიწყო?

 

პირველი კბილის ამოსვლამ შეიძლება სრულიად უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად ჩაიაროს. თუმცა შესაძლებელია ეს პროცესი ძალიან გრძელი და მტკივნეული აღმოჩნდეს და პატარას ბევრი ალერსი და ჩახუტება (და არამარტო) დაჭირდეს.

თუ კბილის ამოჭრა დაწყებულია, შემდეგი ნიშნებით მიხვდებით:

  • ღრძილი შესიებული და წითელია
  • ლოყები შეწითლებულია, შეინიშნება გამონაყარი
  • უხვი ნერწყვდენა
  • ბავშვი მუდმივად იყოფს პირში ხელს, ღრძილის მოსაქავებლად. ან ცდილობს რაიმე ჩაიდოს პირში.
  • იკიდებს ხელს იმ ყურზე, რომელ მხარესაც კბილი აპირებს ამოჭრას
  • ღამით არ სძინავს, დღისით კი ძნელად იძინებს
  • წესიერად არ ჭამს
  • გაღიზიანებულია და ხშირად ტირის
  • ზოგ შემთხვევაში ვლინდება ტემპერატურის მცირედი მატება და დიარეა. (იმ შემთხვევაში,  თუ ტემპერატურა მაღალია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, შეიძლება სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული)

როგორ ვუშველოთ ნიკაპზე დორბლის გამო გაჩენილ გამონაყარს?

რაც შეიძლება ხშირად და ნაზად მოწმინდეთ ნიკაპი ბამბის რბილი ნაჭრით. ძილის წინ და ძილის შემდეგ საბავშვო კრემი შეგიძლიათ წაუსვათ (გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან).

რატომაა კბილების ამოჭრა ასეთი მტკივნეული?

ბავშვის კბილები განვითარებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს იწყებს. დაბადებისას მას უკვე აქვს მომავალი კბილების ჩანასახები. ახლა კი ეს ჩანასახები იზრდება და ღრძილების ამოჭრას იწყებს. სწორედ ეს პროცესი იწვევს ტკივილებს და ღრძილის შესიებას. ეს ტკივილი მეორდება მაშინაც, როცა ზრდასრულ ასაკში სიბრძნის კბილები ამოგვდის.  ღრძილების მსუბუქი მასაჟი ამ ტკივილს ამსუბუქებს. მიუხედავად ამისა, ღრძილები ამ დროს ძალიან სენსიტიურია და სწორედ ამიტომ აცხადებს პატარა კვებაზე უარს.

 

როგორ შევუმსუბუქოთ ტკივილი?

სანამ აფთიაქამდე და სპეციალურ გელებამდე მიაღწევთ, მანამდე შეიძლება რაიმე ცივი მიცეთ. გარდა ამისა:

  • დაიბანეთ ხელი და თითის გამოყენებით, წრიული მოძრაობებით ნაზად დაუზილეთ ღრძილები
  • მიეცით სპეციალური რგოლი, რომელიც კბილების ამოჭრისას მოქავებაში დაეხმარება. რგოლი უმჯობესია სილიკონზე იყოს დამზადებული. გამოყენებამდე რამოდენიმე ხნით ადრე მაცივარში (არა საყინულეში, გაყინულმა შეიძლება ღრძილი დაუზიანოს) მოათავსეთ, რომ კარგად გაცივდეს, და მხოლოდ შემდეგ მიეცით პატარას.
  • ზოგიერთ პატარას მატყუარაც ამშვიდებს, ღეჭავს და ასე იქავებს ღრძილებს.
  • თუ ბავშვი ექვს თვეზე მეტისაა, შეიძლება დასაღეჭად ცივი, მყარი საკვები მივცეთ, როგორიცაა მაგალითად კიტრი, ან ბანანი. მრავალფეროვნებისთვის შეიძლება შესთავაზოთ ცივი წყალი.
  • თუ დამატებით საკვებს აძლევთ, სცადეთ ცივი ხილფაფა ან გაციებული საბავშვო იოგურტი.

უნდა გამოვიყენოთ თუ არა სპეციალური გელები?

 

ტკივილის შემამსუბუქებელი გელები ჩვეულებრივ ადგილობრივ ანესთეტიკს და ანტისეპტიკს შეიცავენ, რომლებიც საერთო ჯამში ტკივილს ხსნიან და ინფექციას გვარიდებენ თავიდან. სუფთა ხელით ან ბამბის ტამპონით წასმული მცირე რაოდენობის გელი დროებით ხსნის ტკივილს. უხვი ნერწყვდენის გამო გელი მალ-მალე ირეცხება და ხშირად საჭიროებს განმეორებით წასმას.  თუ მის გამოყენებას აპირებთ, ეცადეთ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი იყიდოთ და ყოველთვის დაიცვათ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თუ ბავშვი ოთხ თვეზე ნაკლები ასაკისაა, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია და ექიმის გარეშე არანაირი გელი ან მედიკამენტი არ იხმაროთ.  უმჯობესია, თუ გელი შაქრის გარეშე იქნება.

შეიძლება თუ არა სიცხის დამწევის მიცემა?

დიახ, შესაძლებელია.  მიცემა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. ზოგჯერ ყურის ანთების სიმპტომები ძალიან გავს კბილის ამოჭრის სიმპტომებს, ამიტომ წამლის მიცემამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სხვა ინფექციების გამოსარიცხად.

როგორ მოვუაროთ უკვე ამოსულ კბილებს?

კბილებზე ზრუნვა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი პირველი კბილი ამოვა.  სცადეთ ეს პროცესი სახალისო თამაშად აქციოთ და ძილისწინა რიტუალში ჩართოთ. დასაწყისისთვის პაწაწუნა კბილის გასაუფთავებლად შეიძლება ცარიელი ჯაგრისი გამოვიყენოთ. შემდეგ შეიძინეთ ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა (უმჯობესია თუ სტომატოლოგთან გაივლით კონსულტაციას). წრიული, მსუბუქი მოძრაობით გაუხეხეთ კბილები და დარწმუნდით, რომ საკვების ნარჩენებისგან სრულიად გათავისუფლებულია. ზოგჯერ პატარებს კბილის პასტის გემო არ მოწონთ და შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება დაგჭირდეთ.  ეცადეთ კბილების გასუფთავების შემდეგ ფორმულა ან ძუძუ არ მიცეთ, ან თუ მისცემთ, სუფთა, წყალში დასველებული ჯაგრისით მაინც გაუსუფთავოთ კბილები.

 

ჩემი ბავშვი უკვე 10 თვისაა და ჯერ არც ერთი კბილი არ აქვს. უნდა ვინერვიულო?

ბევრი ბავშვს ერთ წლამდე არ ამოსდის კბილები, ამიტომ სანერვიულო არაფერია. თუ თქვენი შვილი დღენაკლული დაიბადა, კბილები შეიძლება თანატოლებზე გვიან ამოუვიდეს. თუ წლის ისე გახდება, რომ კბილი ამოჭრას არ დააპირებს, მიმართეთ პედიატრს.


წყარო: gigglespremium.wordpress
 

გაზიარება