0
 
0
ბავშვის სარელაქსაციო მასაჟი
 

baby massage

მასაჟის დროს ხელის ნაზი, რიტმული გადასმა ოქსიტოცინის – “სიახლოვის ჰორმონის” გამოყოფას იწვევს როგორც დედის და ბავშვის, ასევე მამის ორგანიზმშიც – თუ ის დამკვირვებელია.  ოქსიტოცინი ის ჰორმონია, რომელიც სითბოს, სიმყუდროვის და სიმშვიდის გრძნობას იწვევს მაშინ, როცა პატარას ძუძუს აწოვებთ ან უბრალოდ, იხუტებთ.

რა სარგებლობა მოაქვს მასაჟს ბავშვისთვის?

  • პატარა მშვიდია და ნაკლებად ჭირვეულობს
  • ამსუბუქებს კოლიკს
  • ძლიერდება იმუნური სისტემა
  • პატარას უფრო ღრმად და მშვიდად სძინავს
  • კარგია კოორდინაციის და მოქნილობისთვის
  • ეხმარება პატარას საკუთარი სხეულის უკეთ ფლობაში

და დედისთვის?

  • მცირდება მშობლების სტრესის დონე
  • ადვილდება ძუძუთი კვება. იმატებს პროლაქტინის დონე, რომელის რძის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი.
  • მშობლები უკეთ ეცნობიან ბავშვის ჩვევებს/მიმიკებს.
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია მცირდება ან/და უკვალოდ ქრება.
  • მამა უფრო ჩართულად გრძნობს თავს.
  • ხელს უწყობს არავერბალურ კომუნიკაციას შვილს და მშობელს შორის.
 

როდის უნდა გავუკეთოთ სარელაქსაციო მასაჟი?

 დღის რომელ მონაკვეთში გაუკეთებთ მასაჟს, მხოლოდ თქვენი და პატარას გადასაწყვეტია, თუმცა არსებობს რამოდენიმე ზოგადი წესი:
 
  • კვებიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 45 წუთი მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საკვები ამოიღოს.
  • ძილის წინ  – ეს დაგეხმარებათ ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებაში.
  • ბავშვი უნდა იყოს კარგ ხასიათზე. თუ ატყობთ, რომ თავს აბრუნებს,  გიძალიანდებათ და არ სიამოვნებს, ჯობია სხვა დროს სცადოთ.
  • არ გაუკეთოთ მასაჟი თუ ბავშვი გაციებულია, სიცხე აქვს ან უბრალოდ ახალი აცრილია

როგორ მოვემზადოთ?

 

იზრუნეთ მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე. მოძებნეთ მშვიდი, ნაკლებად ხმაურიანი და თბილი ადგილი. ეს შეიძლება იყოს ოთახი, ზაფხულში შეიძლება სუფთა ჰაერზეც გაკეთდეს. მოიხსენით სამკაულები, დააწვინეთ ბავშვი ისე, რომ თქვენ გხედავდეთ და მოძებნეთ თქვენთვის მოხერხებული პოზიცია. გახდისას ელაპარაკეთ და აუხსენით, რომ ახლა მასაჟი უნდა გაიკეთოს. (დედის ლაპარაკი და ღიმილი ნებისმიერი ასაკის ბავშვს ამშვიდებს).

ყურადღება მიაქციეთ შეხების ინტენსივობას. შეხება უნდა იყოს ნაზი და ფრთხილი, განსაკუთრებით პირველი სეანსების დროს. არ მოუღუტუნოთ პატარას. ასაკის მატებასთან ერთად, მასაჟის ინტენსივობა იზრდება.

იმოძრავეთ ნელა. იმის მიუხედავად, სხეულის რა ნაწილით იწყება სეანსი, მოძრაობები უნდა იყოს ნელი. დაუთმეთ დაახლოებით თითო წუთი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.

გართობა მნიშვნელოვანია: ელაპარაკეთ, უმღერეთ, მოუყევით რაიმე. ეს მოდუნებაში დაეხმარება და ნაკლებად გააპროტესტებს.

 

დააკვირდით რეაქციას: თუ პატარა იცინის, ხელ-ფეხს იქნევს და აშკარად კმაყოფილია, ესეიგი ყველაფერს სწორად აკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავს აბრუნებს, ტირის, ხელიდან გასხლტომას ცდილობს და გიძალიანდებათ, შეწყვიტეთ და სხვა დროს სცადეთ.

 უნდა გამოვიყენოთ თუ არა ზეთი?

ეს თქვენზეა დამოკიდებული. თუ ზეთს გამოიყენებთ, აუცილებლად საკვები ზეთი უნდა იყოს (მაგალითად ზეითუნის), ყველანაირი დანამატების გარეშე. თუ პატარას ალერგიული კანი აქვს, წინასწარ პატარა მონაკვეთზე წაუსვით და რეაქციას დააკვირდით.

რამდენად ხშირად უნდა გავუკეთოთ მასაჟი?

ტრადიციულად, ბავშვს დამამშვიდებელი მასაჟი ყოველდღე უკეთდება, თუმცა ყველა დედა/ბავშვი თავად წყვეტს, რამდენჯერ უნდა გაკეთდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დრო აქვს დედას და რამდენად მოწონს პატარას მასაჟი. ასაკთან ერთად ბავშვის მოთხოვნილებები და ხასიათი იცვლება, ამიტომ ზრდა-განვითარებასთან ერთად რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს. იმის მიუხედავად, რამდენად ხშირად და რეგულარულად უკეთდება, პატარასთავის მასაჟი მაინც სასარგებლოა.

 

სარელაქსაციო მასაჟის ხანგრძლივობა

ეს ბავშვზეა დამოკიდებული. დაიწყეთ ხუთი წუთით და დააკვირდით, რა სიამოვნებს და რა არა. დამამშვიდებელი მასაჟის ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარ საათამდე შეიძლება გრძელდებოდეს, თუმცა თუ ატყობთ, რომ აღარ სიამოვნებს, უბრალოდ ჩაიხუტეთ ან/და თამაშზე გადადით.

ჯანმრთელობის პრობლემები და მასაჟი

თუ თქვენს პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ შეიძლება მასაჟის გაკეთება თუ ზოგადად ჯანმრთელი ბავშვი გაციებულია, სიცხე აქვს ან უბრალოდ ახალი აცრილია.

 

როგორ გავაკეთოთ სარელაქსაციო მასაჟი

ბავშვებს რუტინა უყვართ. ჩვენ გთავაზობთ მასაჟის გაკეთების ზოგად ტექნიკას, ის, თუ საიდან დაიწყებთ და როგორ გააგრძელებთ, მხოლოდ თქვენი და თქვენი პატარას გადასაწყვეტია. თუმცა, უმჯობესია ერთი და იგივე თანმიმდევრობით გააკეთოთ. პატარას ეცოდინება, რას უნდა ელოდეს და უფრო მეტად ისიამოვნებს მასაჟით.

უსაფრთხოების წესები:

  • მოძრაობისას არ დაატანოთ ძალა, თუ პატარა გიძალიანდებათ, გაჩერდით, დაამშვიდეთ, გაართეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ.
  • არ გაუკეთოთ მასაჟი, თუ გაციებულია, სიცხე აქვს, ან ახალი აცრილია
  • ზურგზე მასაჟისას არ შეეხოთ ხერხემალს
  • თავის მასაჟისას მოერიდეთ ყიფლიბანდს
  • არ გაუკეთოთ ინტენსიური მასაჟი – ეს სპეციალისტის კომპეტენციაა.

 

სხეულის მასაჟი

დაიწყეთ მასაჟი ფეხებიდან და დაამთავრეთ თავის მასაჟით. პატარა ფეხებზე შეხებას მიჩვეულია, რადგან საფენის გამოცვლისას ხშირად ეხებით, ამიტომ არ იუცხოვებს.

  • დააწვინეთ პატარა კომფორტულ პოზაში, გულაღმა, ისე რომ თქვენ გიყურებდეთ.
  • დაიწვეთეთ რამოდენიმე წვეთი ზეთი (საკვები, არომატიზატორების გარეშე) ხელებზე. გაუსვით ხელები ერთმანეთზე, რათა ზეთი (და კანიც) გათბეს.
  • ძალიან ნაზად დაიწყეთ პატარას კანზე ხელის წასმა. საიდან დაიწყებთ თქვენი გადასაწყვეტია.
  • მკერდზე – დაადეთ ორივე ხელი სიმეტრიულად და შიგნიდან გარე მიმართულებით იმოძრავეთ, ისე, რომ გულის ფორმა მოხაზოთ.
  • მუცელი  –დაეხმარეთ გაზებთან ბრძოლაში მასაჟით – ხელის წრიული მოძრაობით – საათის ისრის მიმართულებით დაუმასაჟეთ მუცელი. გაზებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება ფეხების მასაჟიც- მოუხარეთ ფეხები და მუცელთან მიუტანეთ რამოდენიმეჯერ.
  • ხელები ფეხები – მოუხარეთ და გაუშალეთ, ძალის დაუტანებლად. არ ამოძრაოთ წრიულად.
  • ხელისგულები და ფეხისგულები – შეგიძლიათ თითის წრიული მოძრაობით გაუკეთოთ მასაჟი

 

  • ხელის და ფეხის თითები – მოიქციეთ ცერა და საჩვენებელ თითს შორის და სათითაოდ “გაუშვით”.
  • ტერფების და მტევნების ზედა მხარე – შეიძლება დამასაჟდეს ხელის წრიული და ვერტიკალური მოძრაობებით
  • ჩართეთ თამაშის ელემენტები – ეს ხომ დამამშვიდებელი მასაჟია.

 

  • დაამთავრეთ სხეულის წინა ნაწილის მასაჟი სიგრძივი მოძრაობებით მკერდიდან ფეხებამდე – დაადეთ ერთი ხელი მკერდზე, განივად, და ჩადით ტერფებამდე. გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.
  • დაამთავრეთ ზურგის მასაჟი მხრებიდან ტერფებამდე მსუბუქი მასაჟით, როგორც წინა მხრის შემთხვევაში

 

როგორ უნდა დავუმასაჟოთ პატარას თავი?

ახალშობილის თავთან შეხებისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველი ექვსი კვირის მანძილზე უბრალოდ გადაუხსვით ზეთიანი ხელი. შემდეგ შეგიძლიათ თითის ბალიშების წრიული მოძრაობით ნაზად გაუკეთოთ სკალპის მასაჟი, ისე, თითქოს შამპუნს აქაფებდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ/მოუჭიროთ, განსაკუთრებით ზედანაწილში, სადაც ყიფლიბანდია განთავსებული.

გახსოვდეთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თანაც ხშირად ეცვლება გემოვნება, ამიტომ ნუ დააძალებთ, დრო-და-დრო მოსინჯეთ ნიადაგი, იქნებ ახლა მოეწონოს თამაშ-თამაშით გაკეთებული მსუბუქი მასაჟი?


წყარო: gigglespremium.wordpress 

გაზიარება