0
 
0
ბავშვები და სკოლა
 

ბავშვის ცხოვრებაში სკოლაში შესვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. როგორც წესი ბავშვს სკოლაში მისვლის პირველ პერიოდში ეხალისება და უხარია სასწავლებელში სიარული, მაგრამ დგება პერიოდი, როდესაც ის სახლში მოდის, გაბრაზებული აგდებს ჩანთას და სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს. ასეთი ქცევა ბევრ მშობელს პანიკაში აგდებს. ისინი ცდილობენ გაარკვიონ მოხდა. ბავშვი იწყებს რაღაცის ახსნას, მაგრამ მშობლისგან იღებს პასუხს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რადგან ხვალ სკოლაში მაინც წავა. მშობლებისგან ასეთი მიდგომა არასწორია. თუ თქვენს შვილს არ უნდა სკოლაში წასვლა ე.ი. მას ამის მიზეზი გააჩნია. გახსოვდეთ, რომ ბავშვს ზრდასრულ ადამიანისგან განსხვავებით ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ის რაც დიდისთვის სისულელეა მისთვის ნამდვილი ტრაგედია შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ უმჯობესია თუ პატარას წყნარად დაელაპარაკებით და გაიგებთ სკოლის შეძულების მიზეზს. თუ თქვენ ამ მიზეზის გადალახვაში დაეხმარებით, ბავშვს დაუბრუნდება სკოლაში სიარულის ხალისი. 

 

რატომ შეიძლება შესძულდეს ბავშვს სკოლა

სკოლის ტერორი 

სკოლის შეძულების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კლასელების ან სხვა ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება და ცუდი ურთიერთობაა. თუ თქვენი ბავშვი არის დაკომპლექსებული, მორცხვი და ემოციური ის შეიძლება ადვილად გახდეს სხვა ბავშვების დაცინვისა და დაჩაგვრის ობიექტი. დაელაპარაკეთ პატარას და აუხსენით რომ ისწავლოს საკუთარი თავის დაცვა და არ მიაქციოს სხვების მის მიმართ დამოკიდებულებას. ურჩიეთ ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.

კონფლიქტი მასწავლებელთან 

შესაძლებელია, რომ თქვენს შვილს შეხვდა ზედმეტად მკაცრი მასწავლებელი, რომელიც ხშირად სჯის და ტუქსავს მოსწავლეებს. რა თქმა უნდა პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს სიმკაცრე, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მას არ უნდა დაავიწყდეს რომ სკოლაში ახალმისული ბავშვი ზედმეტმა სიმკაცრემ შეიძლება დააფრთხოს , რადგან ის ოჯახში მიჩვეულია სხვა დამოკიდებულებას. პატარებს ადაპტირებისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. ისინი თანდათან უნდა მიეჩვიონ სკოლაში მოქცევის წესებს, თავის ვალდებულებებს და სხვა. გამოიჩინეთ ყურადღება ჰკითხეთ სხვა მშობლებს, ხომ არა აქვთ მათ შვილებს მსგავსი პრობლემა. თუ კლასში რამდენიმე პატარას აქვს მასწავლებლის და სკოლის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება სასწრაფოდ მიმართეთ მათ მასწავლებელს ან სკოლის ხელმძღვანელს. 

მოწყენილობა 

ხშირად ბავშვები სკოლამდე გადიან პირველი კლასის პროგრამას. ამიტომ სკოლაში ახსნილი გაკვეთილები მათთვის დროის უქმად გატარებას ნიშნავს, მათ სწყინდებათ ერთი და იგივეს მოსმენა. ნუ შექმნით პანიკას, როდესაც ბავშვები გადავლენ განსხვავებულ მასალაზე თქვენი პატარა მეტ ინტერეს გამოიჩენს და ხალისით მოამზადებს გაკვეთილებს. 

ზედემეტი დატვირთვა

სკოლის მეორე მხარე ზედმეტი დატვირთვაა - გაკვეთილები , სხვადასხვა წრეები და მოსამზადებელი კურსები. თქვენი პატარა ჯერ არაა მიჩვეული ცხოვრების ამდაგვარ რიტმს. ის იმყოფება მუდმივ სტრესსა და უძილობაში. შეეცადეთ პირველივე წელს არ დატვირთოთ ბავშვი. შეუდგინეთ მას დღის რეჟიმი, ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვს დაახლოებით 9 საათი ეძინოს და კარგად იკვებოს. ასევე მოუწყვეთ მას განტვირთვის საათები - ხშირად ასეირნეთ, ათამაშეთ და მიეცით საშუალება გაატაროს დრო თანატოლებთან ერთად. 

მშობლების წნეხი 

მშობლები  თავიანთი ბავშვებისთვის საუკეთესო მომავლის შექმანს ცდილობენ. ჩხუბობენ ყველა ცუდი ნიშნის მიღების შემთხვევაში, ადარებენ სხვა ბავშვებსა და მათ წარმატებებზე საუბრობენ. პატარას, რომელსაც მუდამ საყვედურობენ ეკარგება სწავლის მოტივაცია და შედეგად ვიღებთ „სკოლისმოძულე“ მოსწავლეს. ამ დროს ფსიქოლოგები გვირჩევენ მეტი დრო გამოვუყოთ ბავშვებს, ვიმეცადინოთ მათთან ერთად, მივაწოდოთ მასალა განსხვავებული, ორიგინალური მეთოდით. შეაქეთ მისი ყველა წარმატება და ნუ დატუქსავთ ცუდი ნიშნების გამო. 

დილით ადრე ადგომა

ბავშვების დიდ ნაწილს უჭირს დილით ადრე ადგომა. ალბათ თქვენც „გაგიხდიათ თავი ავად“ სკოლაში რომ არ გამხდარიყავით წასასვლელი. დღეს კი ამას თქვენი შვილი აკეთებს. ბავშვს ვიდრე სკოლაში შეიყვანდეთ შეძლებისდაგვარად მიაჩვიეთ გრაფიკს და დილით ადგომას. ეს ბევრად გაგიადვილებთ მის გაღვიძებას.

 

როგორ მოვამზადოთ სკოლისთვის ბავშვი ფსიქოლოგიურად

როგორც უკვე ავღნიშნეთ ბავშვის სკოლაში შესვლა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენაა. პირველ წელს ბავშვს ელოდება უამრავი ცვლილება : ახალი რეჟიმი, მოვალეობები, ახალი მეგობრები, სხვადასხვა საინტერესო გაკვეთილები. რაც მისთვის საკმაოდ დიდი სტრესია.

ფსიქოლოგების აზრით უმჯობესია თუ სკოლამდე ბავშვს მივიყვანთ საბავშვშო ბაღში ან ნულოვან კლასში. ეს  მის სკოლაში ადაპტირებას შეუწყობს ხელს. პატარა უკვე მიჩვეული იქნება თქვენს გარეშე ყოფნას და თქვენ აღარ მოგიწევთ პირველი რამდენიმე კვირა მასთან ერთად გაკვეთილებზე დასწრება, რათა ბავშვმა არ ინერვიულოს და არ იტიროს. ბავშვის სკოლაზე მიჩვევა უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა და არა ერთბაშად. პირველკლასელებს ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ქცევის ნორმები მაგ: არ იციან როდის დაეთხოვონ, დადიან გაკვეთილზე, ჭამენ, არ ისვენებენ ან თამაშობენ გაკვეთილზე- მოკლედ იქცევიან როგორც საკუთარ სახლში. ეს იმიტომ ხდება რომ ბავშვი თამაშის მდგომარეობიდან ჯერ არ არის გადართული უფრო სერიოზული საქმიანობისთვის. ამ პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავსაჯოთ ან ვეჩხუბოთ მას. მშობლებიც და მასწავლებლებიც ერთობლივად უნდა შეეცადონ ნელ-ნელა შეაჩვიონ და აუხსნან ბავშვს სკოლაში ქცევის ნორმები და მისი მოვალეობები.  

ფსიქოლოგების აზრით ყველაზე უკეთესად ადაპტირდებიან ბავშვები, რომლებიც სკოლაში შეიყვანეს 7 წლის ასაკში. უფრო პატარა ასაკის ბავშვები ჯერ კიდევ არ არიან მზად მიიღონ და გაითავისონ ქცევის სხვადასხვა ნორმები. საბოოლოოდ კი გამოვა , რომ ისინი კომფორტულად არ იგრძნობენ თავს სკოლაში და შეიძულებენ მას. სკოლაზე მიჩვევის ყველაზე რთული პერიოდია 2-3 კვირა, შემდგომ თქვენი პატარა ეგუება ამ ცხოვრებისეულ ცვლილებას. კარგი იქნება თუ თქვენ ვიდრე თქვენს შვილს სკოლაში შეიყვანდეთ მოამზადებთ მას ფსიქოლოგიურად. მოუყევით სკოლაზე, იქაურ წესებზე. ითამაშეთ სკოლობანა, რომ ბავშვს სასწავლო დაწესებულებაზე ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს - ეს გაუადვილებს ადაპტაციას.



წყარო: babyinfo

 
გაზიარება