0
 
0
ბავშვმა ხორცი რომ შეირგოს
 
ხორცი გემრიელი საკვები პროდუქტია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის რაციონში. ის იმდენად მნიშვნელოვანი პროდუქტია თავისი შემადგენლობით, რომ მისი ჩართვა ბავშვის კვებაში ადრეული ასაკიდანვე საჭიროა და ამის უგულებელყოფა არაფრით შეიძლება. 
ხორცი ისეთ კვებით ღირებულებებს შეიცავს, რომლებიც განსაკუთრებით სჭირდება მოზარდის ორგანიზმს. 6 თვის ასაკიდან, როცა უკვე პატარას რაციონში დამატებითი კვება უნდა ჩართოთ, ნელ–ნელა ხორციან კერძებსაც უნდა შეაჩვიოთ. 
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი 
ხორცი პატარას ორგანიზმს უზრუნველყოფს ცილებით, რომლებიც ბავშვებს უფრო მეტად ესაჭიროებათ, ვიდრე უფროსებს. ხორცის ცილა შეიცავს ყველა იმ ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირებისათვის. ამდენად, ხორცში შემავალი ცილის შეცვლა მცენარეულით შეუძლებელია. 
ხორციდან ბავშვი იღებს ცხიმებსაც, რომლებიც დახარჯული ენერგიის აღსადგენად აუცილებელია. ცხიმები ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროა. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმს, უკეთ შეითვისოს ცილები. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაშიც. ცხოველური ცხიმების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებზე. 
ერთი რამ გაითვალისწინეთ – ზომიერების დაცვა აუცილებელია, რადგან ჭარბი ცხიმი ქსოვილებში ლაგდება, არღვევს კუჭ–ნაწლავის, ენდოკრინული სისტემის მუშაობის პროცესს და ხელსაყრელ ფონს ქმნის მომავალში გაცხიმოვნების პრობლემის განვითარებისათვის. ხორცი ოცამდე ჯგუფის ვიტამინს შეიცავს. განსაკუთრებით მდიდარია ი და ზზ ვიტამინებით. ბევრია მასში მინერალური ნივთიერებები – კალციუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი და სხვა. აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც ასევე შეიცავს ხორცი, საჭმლის მონელების პროცესს ასტიმულირებენ და მადას აძლიერებენ. 
ბავშვს ხორცი თავიდან მინიმალური რაოდენობით უნდა მისცეთ და რაოდენობა ეტაპობრივად გაზარდოთ. ჯერ მხოლოდ მოხარშული, გატარებული ხორცით მომზადებული წვნიანი გაასინჯეთ. 1–1,5 წლიდან შეგიძლიათ აჭამოთ კატლეტი, გუფთა. როგორც წესი, პატარებს ჩიჩია ძალიან უყვართ. 
რომელი ხორცი ავირჩიოთ 
ბუნებრივია, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, ეს აქტუალური საკითხია, რადგან საქონლის, ფრინველის და თევზის ხორცი ერთმანეთისგან განსხვავდება. ხორცთან პირველი გაცნობა სასურველია ყველაზე ჰიპოალერგიულით, ანუ ქათმის ან ინდაურის ხორცით მოხდეს. გაითვალისწინეთ, 5–6 წლამდე ბავშვს ცხვრის ხორცს ნუ მისცემთ, რადგან ის მძიმედ მოსანელებელია. ასევე არარეკომენდებულია პატარა ასაკის ბავშვისათვის სოსისების, ძეხვეულის მიცემა, რადგან მათში საკმაოდ ბევრია საღებავი, დანამატი და სხვა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს. 
ნელ–ნელა ბავშვის რაციონში ღვიძლიც უნდა ჩართოთ, რადგან ის მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია. მის შემადგენლობაში სისხლმბადი ელემენტები და უამრავი ვიტამინი შედის. საჭიროა გახსოვდეთ, რომ ღვიძლში ბევრი ქოლესტერინია, ამიტომ ზომიერების დაცვა აუცილებელია. 
ხორცის დამუშავების და მომზადების წესები 
თუ გაყინული ხორცით ამზადებთ კერძს, სასურველია, ის ცივ წყალში გარეცხოთ და რამდენიმე საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ გასალღობად. ეს მეთოდი იმითაა კარგი, რომ ასე ხორცი მასში არსებულ ყველა ღირებულ კვებით თვისებას ინარჩუნებს. შემდეგ ხორცი ისეთ ზომაზე დაჭერით, როგორიც კერძისთვის გჭირდებათ, რადგან ზედმეტი ზეწოლით მასში არსებული ვიტამინები იკარგება. 
არ ღირს წყალში ხორცის დიდი ხნით გაჩერება. ასე დიდი რაოდენობით მინერალები და ვიტამინები იკარგება. ხორცი უშუალოდ საჭმლის მომზადების წინ გარეცხეთ. 
წინასწარ ხორცს მარილს ნუ მოაყრით. 
გსურთ, გემრიელი, კარგად ჩაშუშული ხორციანი კერძი მოამზადოთ? დაჭერით ის საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩადეთ ადუღებულ მარილწყალში და მოხარშეთ. 
თუ ხორციან კერძს პატარასთვის ამზადებთ, მოხარშვის შემდეგ რამდენჯერმე გაატარეთ ხორცსაკეპში. ასე მომზადებულს ბავშვის კუჭი უკეთ გადაამუშავებს.
თუ ხორცისგან ბულიონის მომზადება გსურთ, ჩადეთ ცივ წყალში და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ, რათა მასში არსებული ვიტამინები და კვებითი ნივთიერებები არ დაიკარგოს. ბულიონის მომზადების დროს ხორცს ჩვეულებრივზე მეტი წყალი დაასხით. გაითვალისწინეთ, როგორც კი ხარშვისას ხორცი თავზე ნადებს გაიკეთებს, მოქაფეთ და ჩახარშვის საშუალება არ მისცეთ.
გაზიარება