0
 
0
ბავშვი ბალახზე ატარეთ
 
ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც ბუნება საუკეთესო პირობებს გვთავაზობს – მზე, ჰაერი, ხილი და ბოსტნეული ორგანიზმის გაჯანსაღებაში გვეხმარება. ზაფხულის თვეები განსაკუთრებით ბავშვების გასაკაჟებლად უნდა გამოვიყენოთ და ურიგო არ იქნება, თუ ექიმის რამდენიმე რჩევას გავითვალისწინებთ.
გვესაუბრება ექიმი პედიატრი ზოია ლოლომაძე:
– წლამდე ასაკის ბავშვისთვის კლიმატის გამოცვლა აუცილებელი არ არის – შესაძლოა, ავნოს, იმუნური სისტემა შეურყიოს. ჩვილი ბავშვი უმჯობესია სადმე თბილისთან ახლოს დაასვენოთ. სუფთა ჰაერი და მზე მას გააჯანსაღებს, ჩვეულ კლიმატურ ზონაში ცხოვრება კი ძალის შენარჩუნებაში დაეხმარება. ზაფხულში პატარამ რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს სუფთა ჰაერზე.
3-4 წლიდან ბავშვი უკვე აგარაკზე და სოფელშიც შეგიძლიათ წაიყვანოთ, მაგრამ ძროხის რძეს  ნუ დაალევინებთ, რადგან მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და ძროხის რძის გადამუშავება გაუჭირდება.
– შეიძლება თუ არა, პატარას აგარაკზე ონკანის წყალი ვასვათ?
– საჭმლის მომნელებელ სისტემას წყლის შეცვლამაც შეიძლება ავნოს, ამიტომ თან წაიღეთ მისთვის ჩვეული წყლის მარაგი, საუკეთესო შემთხვევაში კი სპეციალური, ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ასვით. ამ წყლის გამოყენება შეიძლება წინასწარი დამუშავების გარეშე როგორც სასმელად, ასევე კერძის მოსამზადებლად. 
– ზაფხულში აქტიურდებიან ენტეროვირუსები. როგორ დავიცვათ ბავშვი ინფექციისგან?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ ჰიგიენა, პატარას ხელები ხშირად დავბანოთ საპნით, თვალი ვადევნოთ და ვასწავლოთ კიდეც, რომ ჭუჭყიანი ხელით საჭმელი, მაგალითად, ხილის ნაჭერი, პირში არ ჩაიდოს. ხილი და ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ,  ბავშვს ვასვათ მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი.
აგარაკზე წაიყოლეთ პატარა აფთიაქი, რომელშიც უნდა შედიოდეს ბინტი, ბამბა, ბაქტერიოციდული ლეიკოპლასტირი, ბრილიანტის მწვანე, იოდი, თერმომეტრი, აქტივირებული ნახშირი, ხველების, ყურის ტკივილის წამლები, სიცხის დამწევი, ალერგიისა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები. გახსოვდეთ: ყველა პრეპარატი თქვენთვის ნაცნობი და პედიატრთან შეთანხმებული უნდა იყოს.
– რამდენად ხშირად მივაღებინოთ პატარებს მზის აბაზანები?
– თუ ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა, ბავშვს დღეში ორჯერ მაინც გახადეთ ტანზე და გაუკეთეთ ჰაერის აბაზანა, მაგრამ თუ ოთახში ორპირი ქარია, არ გახადოთ, რადგან ზაფხულში უმეტესობა სწორედ ორპირის გამო ცივდება. არამც და არამც არ მისცეთ პატარას მაცივრიდან გამოღებული წყალი. სიცხეში პატარებს მადა უფუჭდებათ, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, ეცადეთ, ასვათ მეტი წყალი და კომპოტი (ნუ დაალევინებთ გაზიან სასმელს!).
ზაფხულში კარგია წყლის აბაზანებიც. მზეზე გამთბარი წყალი შეგიძლიათ ბავშვს დღეში რამდენჯერმე გადაავლოთ.
პატარისთვის ძალზე სასარგებლოა ბალახზე ფეხშიშველა სიარულიც, რა თქმა უნდა, დილაობით და ბაღის ან აგარაკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მისთვის უსაფრთხოა. მიწასთან შეხება ბავშვს აკაჟებს. საზოგადოდ, რაც უფრო ახლოს არის  ბავშვი ბუნებასთან, მით უფრო ჯანსაღი ექნება ფსიქიკა და ორგანიზმი.
გაზიარება