0
 
0
დარტყმა აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას
 

ფიზიკური დასჯა აკნინებს მშობლის როლს და აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას. ფიზიკური დასჯა ერთმანეთს აშორებს დამსჯელსა და დასჯილს. იყო ავტორიტეტი, ნიშნავს რომ შენ გენდობიან და პატივს გცემენ, მაგრამ არ ეშინიათ. ავტორიტეტის მოპოვება შიშით შეუძლებელია.

ის მშობლები, რომლებიც ფიზიკური დასჯის გზით ახდენენ მათი შვილების კონტროლს, ხშირად საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენისანი არიან სწორედ ამ საქციელის გამო. გულის სიღრმეში მათ არ მიაჩნიათ ეს საქციელი გამართლებულად. ხშირად ისინი სცემენ ან უყვირიან ბავშვებს სასოწარკვეთილების გამო, რადგანაც არ იციან ბავშვთან კომუნიკაციის სხვა ხერხი. როგორც წესი, ასეთი მიდგომის გამოყენების შემდეგ, ისინი კიდევ უფრო უსუსურად გრძნობენ თავს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ ეს დასჯის ფორმა რეალურად არ მუშაობს. ერთ-ერთმა დედამ, რომელიც იყენებდა  ცემას, როგორც დასჯის მეთოდს, თქვა: „მე მოვიგე ბრძოლა, მაგრამ დავმარცხდი ომში! ახლა ჩემს შვილს ჩემი ეშინია და მე ვგრნძობ, რომ დავკარგე რაღაც ძალიან ძვირფასი.“

მშობლები, რომლებიც გამუდმებით იყენებენ ფიზიკურ დასჯას, როგორც ბავშვის კონტროლის მექანიზმს, თავს იგდებენ ორივე მხარისთვის წამგებიან მდგომარეობაში. ასეთ დროს არა მხოლოდ ბავშვი კარგავს მშობლის პატივისცემას, არამედ თვითონ მშობლებიც არასასურველ სიტუაციაში იგდებენ საკუთარ თავს. მათი გონება მხოლოდ ფიზიკურ დასჯაზეა მომართული და ისინი სრულიად კარგავენ სხვა ალტერნატივების მოფიქრების უნარს. როგორც წესი, ასეთ მშობლებს არ აქვთ არანაირი წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული სტრატეგიები ბავშვის ქცევისათვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამის შედეგად ბავშვი კიდევ უფრო ცუდად იქცევა, რაც იწვევს მის უფრო ხშირ ფიზიკურ დასჯას. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვი ვერ ავითარებს შინაგანი კონტროლის უნარს.

ფიზიკური დასჯა, როგორი “მსუბუქიც” არ უნდა გვეჩვენებოდეს ის, ასწავლის ბავშვს, რომ მისაღებია დაარტყა ადამიანს. ამ გზით ბავშვს ვეუბნებით, რომ მისაღებია ზრდასრულმა დაარტყას პატარას ანუ ძლიერმა დაარტყას სუსტს.  ასე, ბავშვები სწავლობენ, რომ პრობლემა თუ გაქვს, უნდა მოაგვარო მუშტით. ბავშვი, რომლის ქცევის მართვაც ხდება ძალადობრივი გზით, დიდი ალბათობით იგივე მეთოდს გამოიყენებს სხვებთან ურთიერთობის დროსაც: და-ძმასთან თუ თანატოლებთან, საბოლოოდ კი მეუღლესთან და შვილებთან.

გაზიარება