0
 
0
რას გვეუბნება ბავშვის ნახატი
 

ნებისმიერი ნახატი, ასე თუ ისე, ასახავს მისი ავტორის შინაგან სამყაროს.

ერთსა და იმავე სიუჟეტსა თუ პეიზაჟს თითოეული სხვადასხვანაირად დახატავს. ნებისმიერი ავტორი აირჩევს თავისი შინაგანი სამყაროს, გრძნობებისა და განწყობის შესაბამის საღებავებს, ფორმებს და ხაზებს. ნებისმიერი გამოსახულება ჯერ გონებაში წარმოიქმნება და მხოლოდ შემდეგ ასახავს ქაღალდზე ავტორის აზრებსა და გრძნობებს.

ეს განსაკუთრებით აშკარად ჩანს ბავშვების ნახატებზე. რასაკვირველია, ერთ ნახატზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არ შეიძლება: „რახან ყველაფერი შავი ფლომასტერით დახატა, ესე იგი, მას დეპრესია აქვს“. იმისათვის, რომ ყმაწვილი მხატვრის მდგომარეობის ობიექტური სურათი მივიღოთ, აუცილებელია რამდენიმე ნახატის შედარება, რომლებიც ერთი ან ორი თვის განმავლობაშია დახატული.

უპირველეს ყოვლისა, მიაქციეთ ყურადღება ნახატების სიუჟეტებს.

ყველაზე ხშირად ბავშვები ხატავენ ცხოველებსა და ადამიანებს, მზესა და ცას, სახლებსა და ხეებს, ბალახებსა და ყვავილებს.

ნახატებზე ადამიანები თუ არ არის გამოსახული, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს უჭირს სხვებთან ურთიერთობა.

დიდი რაოდენობით რქებიანი, ალესილკბილებიანი, საშიში და ბოროტი ცხოველები ბავშვის დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

6-7 წლის ბიჭუნა თუ ხატავს ომს, იარაღს, დინოზავრებს, მორიელებს, ნუ აღელდებით, ეს ნორმალურია. ამგვარად, ის ემზადება მამაკაცის, დამცველის, მეომრის როლის მოსარგებად, რათა რეალურ სამყაროში არ დაიბნეს მოულოდნელი შემთხვევისას და სწორად მოახდინოს რეაგირება საშიშროებისას.

6-8 წლის გოგონა თუ ხშირად ხატავს მეფის ასულებს, პატარძლებს, ბაფთებსა და ვარდებს, ესეც ასევე ნორმალურია და მიგვითითებს იმაზე, რომ ის ემზადება გოგონას, ქალის როლისთვის, ყველაზე მშვენიერი და მომხიბლავი როლისთვის.

ფერი გადმოსცემს ემოციებს

ნახატზე ფერების ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფერებს, რომლებიც ჭარბად ან უადგილოდაა ნახმარი. მაგალითად, როცა ნახატი მთლიანად შავი კონტურებითაა შესრულებული და ბავშვი უარს ამბობს მის გაფერადებაზე; ან წითელი ფერითაა დახატული ის საგნები, რომლებიც ნამდვილად არ არის წითელი.

ლურჯი გაწონასწორებულობისა და სიმშვიდის ფერია. ლურჯი ფერის სკოლა სასწავლო პროცესისადმი კარგად შეგუების ნიშანია.

მწვანე საიმედოობის, კეთილგანწყობის ნიშანია.

წითელი ემოციურ დაძაბულობას გადმოგვცემს, გაღიზიანებულობასა და უთანხმოებას. მაგალითად, წითლად შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი იყოს დახატული.

ყვითელი – აქტიურობა, კარგი ხასიათი, დადებითი განწყობა.

ვარდისფერი – სინაზე, მგრძნობიარობა.

ნაცრისფერი – განგაშის მდგომარეობა.

შავი – მიუთითებს დათრგუნულობასა და მძიმე განცდებზე, თუ ეს ფერი ძალიან ჭარბობს ნახატებზე.

ფერს მნიშვნელობა არ აქვს მაშინ, როცა ფიგურა მთლიანად არის გადღაბნილი, გადაღებილი, რაც უარყოფით განცდებზე მიუთითებს. ის, რაც გადაღებილია, თქვენს ბავშვში იწვევს მტკივნეულ განცდას ან შიშს. ეს შეიძლება იყოს როგორც მძიმედ ავადმყოფი ბებიის ფიგურა ან ექიმისა, რომელსაც ნემსი უჭირავს ხელში ან ავი ძაღლისა.

ნახატების დეტალების ზომა

მნიშვნელოვანია, როგორც თავად ნახატის ზომა ქაღალდის ფურცელთან მიმართებით, ასევე ცალკეული დეტალების ზომაც. პატარა ნახატი ან წვრილი ფიგურები მიუთითებს  გაუბედაობაზე, სიმორცხვეზე, განგაშზე. ფურცლის შუა ხაზის ზემოთ ნახატის განლაგება გვეუბნება მაღალი თვითშეფასებისა და კოლექტივში, ჯგუფში საკუთარი როლით უკმაყოფილების შესახებ.

ის, რაც ბავშვისათვის მნიშვნელოვანია, დიდად ხატავს, ხოლო ის, რაც არცთუ ისე მნიშვნელოვანია, ხატავს პატარა ზომისას. თავის მეგობრების ხატვისას, ის ყველაზე დიდად ყველაზე მაღალს კი არ დახატავს, არამედ მას, ვინც მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. უმნიშვნელო დეტალები კი, შეიძლება, სულაც გამოტოვოს. ყურადღება მიაქციეთ, თუ ხელები არ არის დახატული, ეს მიუთითებს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთქმედების სირთულეზე, კერძოდ, კი ურთიერთობის სირთულეზე. ძალიან დიდი თავი გვეუბნება იმის შესახებ, რომ ავტორისათვის გონება გრძნობებზე მაღლა დგას და სხვა ადამიანებში ჭკუასა და განათლებას აფასებს. დიდი ყურები იმის მანიშნებელია, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი, ის, თითქოს, „ყურს უგდებს“ მათ სიტყვებს.

მთავარი

გახსოვდეთ, რომ ნახატის ანალიზისას მთავარია ნახატის მიერ დატოვებული საერთო შთაბეჭდილება. როგორი ემოციებია გამოსახული? სიხარული, კმაყოფილება თუ სევდა, შიში, მარტოობა, რა ცხოვრობს თქვენი ბავშვის სულში? რის თქმა უნდა მას თქვენთვის თავისი ნახატებით?

გაზიარება