0
 
0
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა მუცლის ტკივილის შესახებ
 

გასტროენტერიტი - მუცლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია  ბავშვებში. უხშირესად მისი  გამომწვევია  ვირუსული ინფექცია. ამ დროს  მუცლის ტკივილს თან ახლავს დიარეა და ღებინება. სიმპტომები მკურნალობის გარეშეც გაივლის საშუალოდ 7 დღეში და ექიმის ჩარევას არ საჭიროებს. აუცილებელია, რომ ამ პერიოდში ბავშვმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ განავალში ან პირნაღებ მასაში შეამჩნიეთ სისხლი, თუ ბავშვს აქვს ცხელება ან აღენიშნება დეჰიდრატაციის ნიშნები (სისუსტე, თავბრუსხვევა)


გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება: ბევრს ჰგონია, რომ ეს მოზრდილების პრობლემაა, მაგრამ გერდ ხშირია ბავშვებშიც. გერდ-ს ბავშვებში ახასიათებს გულძმარვა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და ღებინება.  გერდ-ის სამკურნალოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება ანტაციდები (მაალოქსი, სიმალგელი) ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი და სხვა). ამ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ ექიმს. ყაბზობა, გასტროენტერიტთან და გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსთან ერთად, წარმოადგენს  ყველაზე ხშირ მუცლის ტკივილის მიზეზს ბავშვებში.  ეცადეთ ყაბზობა დაარეგულიროთ საკვებით. შესთავაზეთ ბავშვს მეტი ბოჭკოთი მდიდარი საკვები: ხილი და ბოსტნეული.

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ყოველ დღე ბავშმა (და მოზრდილებმაც) მიიღონ 8 ჭიქა წყალი. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის არ არის სასურველი შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების და წვენების მიღება. ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება, სიმსუქნის გარდა,   მუცლის ტკივილსაც იწვევს. 

ბავშვებში მუცლის ტკივილი უმეტესად სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს,  მაგრამ, მშობლები მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა არ გამოეპაროთ სერიოზული მიზეზი. თუ ბავშვს აწუხებს ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტში, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს აპენდიციტი. თუ ტკივილი გახანგრძლივდა, ან არის ძალიან ძლიერი, მიმართეთ ექიმს. 

გაზიარება