0
 
0
სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები
 

მასწავლებლებისგან და მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ  ზოგიერთი ბავშვი არის ზარმაცი, არ უყვარს სწავლა, არის უყურადღებო, გაკვეთილზე არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება და საბოლოოდ მიდიან დასკვნამდე, რომ  ამ ბავშვებს არ სურთ სწავლა, მაგრამ ამგვარი ქცევა შეიძლება სულ არ იყოს სიზარმაცით გამოწვეული და ამ ყველაფერს სულ სხვა მიზეზი  ჰქონდეს და ეს მიზეზი შეიძლება იყოს სწავლის უნარის სპეციფიკური დაქვეითება. ეს არის ნევროლოგიური შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს აღქმაზე, მეხსიერებაზე და სხვა კოგნიტურ უნარებზე. ეს არ არის გონებრივი ჩამორჩენა ან სიზარმაცე  და სამწუხაროდ არ არსებობს წამალი, რომელიც დაგვეხმარება ამ სიტუაციაში თუმცა ამ მოვლენის შემსუბუქება შესაძლებელია. 

რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას?

არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე თუ რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, პრობლემები მუცლადყოფნისა და მშობიარობისას, დაბადების შემდგომი ტრამვები.

რა სიმპტომებზე დაკვირვებით  არის შესაძლებელი სწავლის უნარის დაქვეითების  გამოვლენა?

სწავლის უნარის დაქვეითების გამოვლენა შესაძლებელია სხვადასხვა სიმპტომებზე დაკვირვებით:

აკადემიური სიმპტომები - ბავშვი დაბალ შედეგებს იღებს ტესტებში, უჭირს კითხვა, წერა, დავალებების შესრულების თანამიმდევრული საფეხურების დაცვა და სამუშაოს დასრულება.

შემეცნებითი სიმპტომები - ბავშვს სირთულეები აქვს ზომის, ფორმის, ფერისა და დროის აღქმაში. მისთვის დამახასიათებელია სუსტი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, უჭირს აბსტრაქტული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.

ფიზიკური სიმპტომები - ბავშვებისთვის დამახასიათებელია ზოგადი მოუქნელობა, სუსტი ვიზუალურ-მოტორული კოორდინაცია, ჰიპერაქტიურობა, ზედმეტი აღგზნებადობა.

ქცევითი-სოციალური სიმპტომები - ხშირად აქვს ადგილი იმპულსურ ქცევას, გაუაზრებელ მოქმედებებს, მოუსვენარია ძილის დროს, ზედმეტად აღგზნებულია ჯგუფური თამაშის დროს, ხშირად უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა.

მსგავსი დაქვეითების მქონე ბავშვებში ვლინდება ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა და ხშირად ამ ბავშვებს უჭირთ სწავლის პროცესში ჩართვა, თუმცა არსებობს ისეთი ხერხები რომლებიც დაგვეხმარება მსგავსი ბავშვების სწავლით დაინტერესებაში. სწავლის პროცესში უნდა გამოვიყენოთ ისეთი თვალსაჩინო მასალა, რომელიც მათ ინტერესს გამოიწვევს, ბავშვები უნდა დავსვათ ფანჯრისგან მოშორებით რათა არ გაეფანტოთ ყურადღება, დავალებაზე მუშაობის დროს შევუქმნათ წყნარი და მყუდრო გარემო, მივცეთ საშუალება რომ დავალებები შეასრულოს კომპიუტერის გამოყენებით, ჩავიბაროთ დაგვიანებით და სანახევროდ შესრულებული დავალებაც, მივცეთ დრო საშინაო დავალებების ჩასანიშნად, გავამეორებინოთ ახალ გაკვეთილთან კავშირში მყოფი წინა მასალა, რაც უფრო მარტივი ენით მივაწვდით ინსტრუქციას მით სწრაფად შეასრულებენ დავალებას, მივცეთ დამატებითი დრო დავალების შესასრულებლად, არ მოვთხოვოთ რთული დავალებების შესრულება კლასის წინაშე, უმნიშვნელო წარმატებების დროსაც კი შევაქოთ და ავუხსნათ მიზეზი თუ რა გააკეთა კარგად, როდესაც გვინდა შენიშვნის მიცემა ჯობია ეს ინდივიდუალურად ვუთხრათ და არა კლასის წინაშე. ყველა ბავშვი განსხვავებულია და ამიტომ არ არსებობს ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. 

ამ პრობლემების მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ამგვარი დაქვეითების მქონე ბავშვებს შემდგომში ხშირად აქვთ ემოციური პრობლემები, გაუცხოება, სიბრაზე.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება ბავშვების დაყოფა ნიჭიერებად და უნიჭოებად, ბეჯითებად და ზარმაცებად, ყველა ბავშვი ნიჭიერია უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ მივუდგეთ მათ და როგორ დავეხმაროთ ამ ნიჭის გამოვლენაში.

გაზიარება