0
 
0
ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში
 

ყურადღების ჩამოყალიბება უმცროს სასკოლო ასაკში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.  ამ ასაკში ყურადღების სიმტკიცე დამოკიდებულია ბავშვის ზოგად განვითარებაზე, უნარ-ჩვევების, ინტერესებისა და ნებისყოფის დონეზე.

ამ თემაზე საუბრისას უნდა განვიხილოთ ყურადრების რამოდენიმე ტიპი:

უნებლიე და ნებისმიერი ყურადღება

უნებლიე ყურადღება - დამახასიათებელია უმცროსი სასოლო ასაკის ბავშვებისთვის. I-II კლასში ყურადღება ექცევა ახალ, მოულოდნელ, ნათელ შთაბეჭდილებებს. უნებლიე ყურადღებით აიხსნება ერთგვარი „გადახტომები“ ერთი საგნიდან მეორეზე.

ნებისმიერი ყურადღება - ძირითადად ვითარდება III კლასიდან. უმცროს კლასელებს უკვე შეუძლიათ, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია მოითხოვს, მოახდინონ სრული კონცენტრირება ერთ საგანსა თუ დავალებაზე. ბავშვები თანდათან, მიზანმიმართულად, იწყებენ  სასურველი ინფორმაციის ძებნას, ასევე უვითარდებათ რამოდენიმე (ძირითადად ორ) ობიექტზე ყურადღების გადანაწილების უნარი. 

 

ყურადღების გადაუხრელობა და სიმტკიცე

 

ყურადღების გადაუხრელობა - უცხო, ხელისშემშლელი ფაქტორების  მიმართ მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა.  3 წლის ასაკში ბავშვი 10 წუთის განმავლობაში საშუალოდ 4-ჯერ გადაიტანს ყურადღებას სხვა ობიექტზე, 6 წლის ასაკში - მხოლოდ ერთხელ, ეს  სკოლისათვის მზადყოფნის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია.

ყურადღების გადახრა მარტივად ხდება როცა ბავშვისთვის მიცემული დავალება მონოტონური და უინტერესოა. მათთვის უფრო საინტერესოა „რთული“ ამოცანა, რომელიც საჭიროებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას.

რაც შეეხება ყურადღების სიმტკიცეს, იგი გულისხმობს ყურადღების ხანგრძლივად წარმართვას ერთი და იგივე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე. 5-6 წლის ბავშვს  ერთი მიმართულებით ყურადღების წარმართვა შეუძლია დაახლოებით 15-20 წუთით, I-II კლასში ყურადღება უფრო მტკიცე ხდება, III კლასიდან კი ბავშვები შესამჩნევად უკეთ ახერხებენ ყურადღების სიმტკიცის „დემონსტრირებას“.

რა თქმა უნდა, ყურადღების სიმტკიცეს დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის.  თავის მხრივ, სწავლის პროცესიც ხელს უწყობს ყურადღების ამ თვისებების განვითარებას.

მასწავლებლის როლი ნებისმიერი ყურადღების განვითარებაში და რეკომენდაციები

 

ყურადღების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. მასწავლებელი ბავშვებისთვის წარმოადგენს ერთგვარ მოტივატორს. მნიშვნელოვანია მისი მხრიდან ბავშვების შექება, წახალისება, ობიექტური შეფასება დავალების შესრულების შემდეგ.

რაც შეეხება მასწავლებლებისთვის და ზოგადად, დაინტერესებული პირებისთვის რეკომენდაციებს:

 
  • გამოიყენეთ სიგნალები. შეარჩიეთ სიგნალი (ვიზუალური და სმენითი), რომელიც ეუბნება მოსწავლეს შეაჩეროს იმის კეთება, რასაც აკეთებს და ყურადღება გადმოიტანოს თქვენზე, გაეცით მოკლე და მკაფიო მითითებები;
  • უმცროს მოსწავლეებთან იყავით მხიარული და ემოციური;
  • ეცადეთ ხმა მიაწვდინოთ მოსწავლეებს, მიუახლოვდით, ისაუბრეთ მტკიცედ მაგრამ არა მუქარის ტონით, მიმართეთ ყოველთვის სახელით;
  • დარწმუნდით, რომ მოსწავლეებისთვის გასაგებია დავალების/გაკვეთილის მიზანი;
  • თქვენს ახსნას შესძინეთ მრავალფეროვნება, დაიხმარეთ მიმიკა, ჟესტები, დასვით კითხვები, ეცადეთ ახსნის პროცესი მაქსიმალურად გამომხატველი, მოულოდნელი და მრავალფეროვანი იყოს;
  • დაუსვით კითხვები მოსწავლეებს მასალასთან/გაკვეთილთან დაკავშირებით, ჰკითხეთ აზრი,  პასუხისთვის კი მიეცით მითითებები;
  • ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე, დაეხმარეთ მათ აღმოაჩინონ როგორც საკუთარი, ასევე თანაკლასელების შეცდომები, ამისთვის გამოიყენეთ კოლექტიური მუშაობა.
 
 
 
წყარო: kids.ge


გაზიარება