0
 
0
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვს დაბეზღებას?
 

-დეეე, გიორგიმ სახატავი გააფუჭა და დამალა..

 

- მაა, ნანუკამ შენი ტელეფონი ძირს დააგდო

 

 პატარები ხშირად აბეზღებენ თავის თანატოლებს, თავის და-ძმას მშობლებთან. ამბის მიტანა შეიძლება იყოს ყველაზე ელემენტარულიდან უფრო მსხვილი დანაშაულის შესახებ. ამგვარი საქციელი იშვიათი არ არის და ამას ყველა მშობელი აწყდება. მთავარი პრობლემა ისაა რომ ბავშვი ეჩვევა ამდაგვარ საქციელს და ეს უკვე ჩვევაში გადადის. ჩნდება ისეთი განცდა, რომ ოჯახში პატარები ერთმანეთს უსაფრთებიან და ერთმანეთის დანაშაულის ჩადენის მოლოდინში არიან , რომ შემდეგ მშობლებს მოუყვნენ და ცუდი საქციელის ჩამდენი დასაჯონ. ასეთი მიდგომით ოჯახში ბავშვებს შორის ხშირია ჩხუბი და გარჩევები.

 

 მაბეზღარები არავის არ უყვარს, მათ შორის ბავშვებსაც. პატარები , რომლებიც თავისი პრობლემების მოგვარებას უფროსების ჩარევით ცდილობენ და თანატოლებს ამხელენ მათ საქციელში, ადრე თუ არა ირიყებიან  კოლექტივიდან. მაბეზღარა ბავშვებს ელახებათ ავტორიტეტი და რეპუტაცია. მათ უჭირთ ბავშვებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება, არგუმენტების მოძიება კამათის დროს და სხვა.

 

 

 

რატომ აბეზღებენ ბავშვები?

 

ამბის მიტანა ეს არის შეძენილი ქცევა, რომელიც როგორც წესი ვლინდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზო და მავნე ჩვევა, რომელიც დიდობაში უფრო ცუდად გამოვლინდება. ამბის მიმტანის მიზანია დაიცვას საკუთარი პოზიცია, დაისაჯოს მისი თანატოლი ან უბრალოდ ყურადღება მიიქციოს. ასევე რაღაც ინფორმაციის ფლობა ბავშვს გარკვეულ ძალაუფლებას ანიჭებს. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა ალბათ თქვენც ხშირად დაგიშავებიათ რაღაც, ხოლო თქვენ უფროს და-ძმას სიჩუმის სანაცვლოდ თქვენთვის რაიმე საქმის გაკეთება დაუვალებიათ. ასევეა თქვენი პატარა მაბეზღარის შემთხვევაში. საქმე ისაა , რომ ამგვარი საქციელით ბავშვებს შორის იწყება ნამდვილი ქიშპობა და კარგი იქნება თუ ამ სენის დაძლევაში მას დროულად დაეხმარებით.

 

ფსიქოლოგის რჩევები :

 

  1. გაუმიჯნეთ ბავშვს რა არის ამბის მიტანა და ამბის მოყოლა. აუხსენით ბავშვს რას ნიშნავს ამბის მიტანა და ამბის მოყოლა. როდესაც ბავშვი მშობელს უყვება მომხდარს იმისთვის, რომ მშობელმა მას ან მის მეგობარს დახმარება აღმოუჩინოს ეს არის ამბის მოყოლა. მაგ. ცელქობისას მისმა ძამიკომ ჭიქა გადმოაგდო, ნამსხვრევზე ხელი ძლიერ გაიჭრა და სისხლი მოსდის, მაგრამ მომხდარს მალავს და არ ეუბნება მშობლებს რადგან დასჯის ეშინია. ამდაგვარი რამ ბავშვმა მშობელს აუცილებლად უნდა უთხრას , იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. ამ საქციელით თქვენი შვილი ძმას კი არ აბეზღებს , არამედ მისთვის სასიკეთოთ იქცევა. იგივე კატეგორიაში გადის თუ ბავშვი რაიმე სერიოზული დანაშაულის თვითმხილველი გახდა, მას ვინმე ემუქრება და სხვა მსგავსი. გაუმიჯნეთ მას რა შეიძლება მან მოგიყვეთ რა რა შეიძლება თავადაც მოაგვაროს.

 

  1. შემოიტანეთ წესი არ მოგიტანოთ ამბავი. როგორც კი თქვენი პატარა ისწავლის განსხვავებას დაბეზრებასა და ამბის მოყოლას შორის, სასტიკად აუკრძალეთ დაბეზღება. როდესაც ბავშვი თქვენთან რაიმე ამბის მოსაყოლად მოვა ჯერ კითხეთ არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი და ზარალდება ამით ვინმე თუ არა. ბავშვი ნელ -ნელა მიხვდება რომ თქვენ არ მოუსმენთ უმნიშვნელო ამბის მოტანას .

 

  1. 3.    ასწავლეთ ბავშვს პრობლეის თავად მოგვარება. ხშირად ბავშვები სხვებს აბეზღებენ იმის გამო, რომ თავად ვერ უმკლავდებიან პრობლემას და უნდათ მათ მაგივრად მიიღონ ზომები. ასწავლეთ ბავშვს დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღება. მიყევით პრობლემის მოგვარების ოთხსაფეხურიან სისტემას და გააცანით ის ბავშვს, ვიდრე თქვენ ამბავს მოგიტანდეთ კითხოს საკუთარ თავს :

 

     1. შეჩერდი და და კითხე საკუთარ თავს არის ეს ჩემი საქმე?

 

     2. დაფიქრდი რაში მდგომარეობს პრობლემა.

 

     3. დაფიქრდი პრობლემის მოგვარების გზებზე.

 

     4. აირჩიე საუკეთესო გზა და იმოქმედე.

 

 ამ საკითხზე ბავშთან საუბრის მაგალითი:

 

 ბავშვი:- გინდა გითხრა რას აკეთებს ზური?

 

მშობელი:-გაიხსენე რა გასწავლე. ეს შენი პრობლემაა თუ ზურის?

 

ბავშვი:- ხო მაგრამ ზური შეიძლება გადმოვარდეს

 

მშობელი:- კარგი აბა მითხარი რაში მდგომარეობს პრობლემა

 

ბავშვი:- ზური კარადაზე ძვრება, რომ ჭიქა ჩამოიღოს

 

მშობელი:- შენ რა შეგიძლია გააკეთო?

 

ბავშვი:- მე თვითონ ავძვრე კარადაზე და ჩამოვუღო ჭიქა ან სხვა მივცე

 

მშობელი:- და რომელი ვარიანტია უკეთესი?

 

ბავშვი:- მე მას სხვა ჭიქას მივცემ

 

მშობელი;-ვიცოდი , რომ ამ პრობლემას მოაგვარებდი. აწი შენ უკვე დიდი ხარ და თავად შეგიძლია გადაწყვეტილებების მიღება ახლა წადი და ზურის დაეხმარე.

 

 ხშირად მშობლები თავისი არასწორი მიდგომით თავად მოუწოდებენ პატარებს მაბეზღარაობისკენ და ამას ვერც კი ხვდებიან. ფრაზებით „აბა მომიყევი ვინ გაგაბრაზა“, „ მითხარი შენმა ძმამ რა გააკეთა“ და სხვა მსგავსით დაუშვებელია ბავშვს ამბის მოყოლის პროვოცირება. ხშირად მშობლებს შვილებზე ჰიპერმზრუნველობა გამოსდით და ბავშვების ყველა კამათში ერევიან და მათ ყველა პრობლემას ჭრიან, სთხოვენ ყველა დეტალის მოყოლას, სკოლაში მიდიან და შვილის დამჩაგვრელებს თავად ურჩევენ საქმეებს. ასეთი მიდგომით მშობლები შვილებს დამოუკიდებლობის შეგრძნებას უქრობენ. ბავშვებთან მიმართებით მსგავს შეცდომას უშვებენ მასწავლებლებიც. ონავრის დასასჯელად მთელ კლასს ეკითხებიან ვინ ჩაიდინა ეს ცელქობა სანამ ვინმე არ გამოტყდება. ბავშვების ჩხუბში რთულია გაიგო ვინაა მართალი და ვინ დაიწყო პირველი, უფროსებისთვის მართალი ისაა ვინც პირველი მოახსენებს დაჩაგვრის შესახებ და იტყვის „ მე არა , იმან დაიწყო პირველმა“ ამ მიდგომით კი ბავშვი ვერანაირად ვერ შეძლებს დაბეზღებისგან გადაჩვევას. ზოგი ბავშვისთვის უფროსების წესები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კოლექტივში არსებული ნორმები. ხშირია როდესაც ბავშვები აბეზღებენ არა საკუთარ დამჩაგვრელებს,  არამედ უბრალოდ აკვირდებიან და „ზედამხედველობენ“ ყველას, რათა მეცადინეობების ბოლოს მივიდნენ მასწავლებელთან და მოუყვნენ ვინ ისვროდა ქაღალდს , ვინ ვის წაართვა კალამი და სხვა, როცა თავად დაჩაგრული შეიძლება დუმდეს. ასეთ ბავშვებს უბრალოდ სიამოვნებთ „ზემოთ“ ინფორმაციის მიტანა და მერე სხვა ბავშვის დასჯის სეირის ყურება. იმისთვის რომ თქვენს შვილსაც არ გადაექცეს დაბეზღება მუდმივ ჩვევად დროულად შეეცადეთ მისი აღკვეთა.

 

 

წყარო:babyinfo

გაზიარება