0
 
0
ჭარბი წონა ბავშვებში
 

პატარებს ძალინ უხდებათ სიმსუქნე, პუტკუნა ლოყები და ნაკეცები ფეხებსა და ხელებზე. შვილის კარგი მადით გახარებული მშობლები სულ უფრო და უფრო ზრდიან საკვების ულუფას. მშობლები არ ითვალისწინებენ, რომ ბავშვს შეიძლება ჭარბწონიანობა განუვითარდეს და უკვე წამოზრდილი  კომპლექსებმა შეაწუხოს. ჭარბწონიანობა ვნებს როგორც ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას ასევე ფსიქოლოგიურსაც. მათ ხშირად აბრაზებენ თანატოლები და სხვადასხვა სახელებს ეძახიან. ამის ფონზე ბავშვს შეიძლება სერიოზული სტრესი განუვითარდეს. 

ექიმები ბავშვის ჭარბწონიანობის სამ მიზეზს გამოჰყოფენ. ეს არის ენდოკრინოლოგიური პრობლემები, მემკვიდეობითი განწყობა და არასწორი კვება. ბავშვის ჭარბწონიანობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმს მივმართოთ. საჭიროა სხვადასხვა ანალიზების ჩატარება: ჰორმონალური, შაქრის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და სხვა. აუცილებლად ინიშნება დიეტა, მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები და ფეხით სიარული. 

ძალიან რთულია ბავშვის დიეტაზე დასმა, თითქმის შეუძლებელია გააგებინო თუ რატომ უცვლით მას საკვებ რაციონს, რატომ უნდა შეამციროს ტკბილეულის ჭამა. განსაკუთრებით კი ბავშვის საჭმლისგან შეკავება რთულია, როდესაც სხვა ოჯახის წევრები ჩვეულებრივ საკვებს მიირთმევენ და თქვენი პატარა ამ ყველაფერს ხედავს. გაითვალისწინეთ იმისთვის , რომ ბავშვს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ სასურველია მთელმა ოჯახმა დაიცვას დიეტა. აბსურდულად გამოჩნდება თქვენი შეგონებები ჯანმრთელ საკვების მიღებაზე თუ თავად ბავშვის წინ ჩიპსეს, ჰამბურგერებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს მიირთმევთ. თქვენი მიზანია დაეხმაროთ მას თავისი სურვილების დაძლევაში. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს პატარას, ისერნოთ მასთან ერთად, იცეკვოთ, ირბინოთ და ითამაშოთ სხვადასხვა აქტიური თამაშები. ბავშვი ნელ- ნელა შეეჩვევა ჯანმრთელი ცხოვრების წესს და მისი წონაში დაკლება ნაკლებად მტკივნეულად გაგრძლედება. თუ ოჯახის წევრები გარკვეული მიზეზების გამო დიეტას ვერ დაიცავენ  მიირთვით ისე, რომ პატარამ არ დაგინახოთ. გააფრთხილეთ ბაბუა-ბებია და სხვა ოჯახის წევრები, რომ არ აჭამონ ბავშვს ზედმეტი, არ მოუტანონ ტკბილეული და მით უმეტეს არ დააძალონ საკვების მიღება.

აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარება. ნუ ეჩხუბებით მას ბევრი საკვების მიღების შემთხვევაში. ამავდროულად ნუ დახუჭავთ თვალს მის ჭარბწონიანობაზე და ნუ მოიქცევით ისე ვითომ ყველაფერი რიგზეა. იპოვეთ ოქროს შუალედი აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გიყვართ ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ წონაში დაკლება აუცილებელია მისივე ჯანმრთელობისთვის. ჭარბწონიანობა ბავშვებში ისეთივე საშიშია, როგორიც ზრდასრულ ადამიანებში. ზედმეტმა წონამ მომავალში შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა დაავადებები, უშვილობა და სხვა. ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც ბავშობაში ჭარბწონიანობით იტანჯებოდნენ ხშირად ემართებათ ათეროსკლეროზი, იშემია, მიოკარდის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა. სრულ ბავშვებს ხშირად აქვთ პრობლემა სასუნთქ აპარატთან, მათი უმეტესობა ძილის დროს ხვრინავს. პუტკუნებს ხშირად აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი, ეს კი აისახება სწავლისა და თანატოლებთან ურთიერთობის ხარისხზე. მოზარდობის პერიოდში კი მათ შესაძლოა დაეწყოთ სერიოზული დეპრესია. თინეიჯერები კი სასურველი ფიზიკური მონაცემების მისაღწევად კი ხშირად მიმართავენ მიუღებელ ხერხებს შიმშილობენ, საკვების მიღების შემდეგ გულს ირევენ და სხვა.

დიეტოლოგების თქმით ყოველწლიურად ჭარბწონიანი ბავშვების რაოდენობა კატასტროფულად იმატებს და ამის მიზეზები არის არა იმდენად მემკვიდრეობა და ენდოკრინოლოგიური პრობლემები, არამედ არასწორი კვება და უმოძრაობა. ექიმების თქმით ჭარბწონიანობის რისკი მეტია იმ ბავშვებში რომლებიც არა დედის რძით, არამედ ხელოვნური საკვებით იკვებებოდნენ. პრობლემად რჩება მშობლების არასწორი დამოკიდებულება. იმის ნაცვლად, რომ მათ დიეტოლოგს მიმართონ მათ უხარიათ ბავშვის სიმსუქნე და ეს ჯანმრთელობად მიაჩნიათ. ხშირად ტრაბახობენ რა ვაჟკაცი ეზრდებათ რეალურ საშიშროებას კი ვერ ამჩნევენ. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ პატარა საკვებით ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდა და ისევ მშიერია , ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ძალით კიდევ ერთი კოვზი შეაჭამონ. ჭარბწონიან ბავშვებს აქვთ კვების არასწორი რაციონი, მათში არ შედის ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი. ზოგ მშობელს დროის ნაკლებობის გამო თავისი შვილები სწრაფი კვების ობიექტებში დაჰყავს. ყიდულობენ ჰამბურგერებს, გაზიან სასმელებს რაც ბავშვის ორგანიზმზე დამღუპველად აისახება. სიმსუქნე შეიძლება გამოიწვიოს წყლის მიღების არასწორმა რეჟიმმა, იშვიათმა და დიდი პორციებით კვებამ. დღეს მიღებულია, რომ ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, მშობლები სახლში მისვლისას დასვენებას ცდილობენ და სულ ავიწყდებათ, რომ ბავშვს სჭირდება სეირნობა, სირბილი და აქტიური ცხოვრება. სუფთა ჰაერზე თამაშის ნაცვლად ბავშვები ჩაკეტილები არიან ბინებში უყურებენ ტელევიზორებს, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. ისინი ვერსად ვერ ხარჯავენ თავის ენერგიას და უმოძრაობის შედეგად აქტიურად იმატებენ წონაში. 

ჭარბწონიანობის დასაძლევად დიეტოლოგები გვირჩევენ :

 

  • შეძლებისდაგვარად დიდხანს გააგრძელეთ ბავშვის ძუძუთი კვება. ამ დროს გამორიცხულია ზედმეტი კალორიების მიღება და ორგანიზმში მათი დაგროვება.
  • ხელოვნური საკვების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის კალორიულობას. მოამზადეთ საკვები სწორად, ნუ შეამცირებთ წყლის რაოდენობას. 
  • ბავშვის კვება უნდა იყოს რაციონალური კვების რაოდენობა და სიხშირე უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის ასაკიდან. საღამოს 18:00 საათის მერე ბავშვს რძის პროდუქტი შესთავაზეთ. შეამცირეთ ცომეული პროდუქტი მის რაციონში. თუ ბავშვის ასაკი შესაძლებლობას გაძლევთ შეიტანეთ მის რაციონში ხილი და ბოსტნეული. ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას მხოლოდ მშრალი საკვები მიიღოს -ყველი და პური, ძეხვი და პური, ფუნთუშები, პეჩენიები. ბავშმა უნდა იკვებოს სრულფასოვნად მიიღოს როგორც წვნიანი კერძები, ფაფეული და მშრალი საკვებიც. 
  • დააკავეთ ბავშვი სპორტით, მიიყვანეთ მისთვის სასურველ სპორტზე. მაქსიმალურად ეცადეთ აამოძრავოთ ის და ნაკლები დრო გაატაროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან. ხშირად ისეირნეთ, მოაწყვეთ შეჯიბრებები, ითამაშეთ აქტიური თამაშები, იცეკვეთ და აშ. 

 

 
 წყარო:babyinfo
გაზიარება