0
 
0
თქვენი შვილი და ტელევიზორი
 

ტექნიკის თანამედროვე მიღწევებმა ცხოვრება გაგვიადვილა. ყველა ოჯახში გაჩნდა ახალი ძიძა, რომელიც დიდებსაც და პატარებსაც ართობს. ძალიან მოსახერხებელია, თქვენს პატარას სხვა რომ ართობს, და თავისუფალი დრო გიჩნდებათ ამოსასუნთქად, მაგრამ თუ ეს სხვა ტელევიზორია? რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე, რა არის დასაშვები და რა არა?

ძნელია ამ კითხვებზე პასუხი სწორად გასცეთ, რადგან ეს ყველაფერი იმდენად ახალია და თან ჯერ კიდევ განვითარების პროცესში, რომ თქვენს ბავშვზე მათი გავლენის შეფასება ობიექტურად შეუძლებელია. მაგრამ მოდით ვნახოთ რას ფიქრობენ პროფესიონალები და ჯანსაღი მსჯელობით შევეცადოთ ამ საკითხის განხილვას.

რამდენიმე შეკითხვა:

 

  • გახსოვთ როდის დაიწყო თქვენმა შვილმა ტელევიზორის ყურება?
  • თქვენ თავად რამდენად ხშირად უცქერთ “ჯადოსნურ ყუთს”? როგორ უყურებთ ტელევიზორს? 
  • დააკვირდით, რა მოსდის პატარას ტელევიზორის ყურებისას? 

 

თუ ამ კითხვებზე პასუხი გაქვთ, მაშინ საკმაოდ ცნობიერი “მაყურებელი” ბრძანდებით და ტელევიზორიც თქვენთვის და თქვენი შვილისთვის დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ თუ ეს “ჯადოსნური ყუთი” თავის არსებობას თვქენგან გაუცნობიერებლად ახერხებს თქვენსავე ოჯახში, მაშინ საფრთხეში ხართ. 

ბავშვებს ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ, ტელევიზორი კი თითქოს მათ შთანთქავს და რამდენიმე წუთში მათი ტვინი უკვე ავტოპილოტის რეჟიმში მუშაობს. სწორედ ეს მოვლენაა ძალიან მავნებელი.

APA (ამერიკელ პედიატრთა ასოციაცია) მიიჩნევს, რომ 2 წლამდე ბავშვებს უნდა აუკრძალოთ ტელევიზორის ყურება, რადგან ამ ასაკში ტვინი ინტერსიურად ვითარდება და ტელევიზორმა შესაძლოა ამაში ხელი შეუშალოს პატარას. 

  თავისთავად ტელევიზია არ წარმოადგენს ბოროტებას, მხოლოდ მისი უსარგებლო, გაუცნობიერებელი გამოყენებაა მავნებელი. გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები, რომ შეამციროთ ტელევიზიის მავნე ზემოქმედება და პირიქით სასარგებლოც კი გახადოთ მისი ყურება თქვენი შვილის განვითარებისთვის. 

შეუზღუდეთ თქვენს შვილს ტელევიზორის ყურების დრო – ეცადეთ, რომ 2 წლამდე საერთოდ მოარიდოთ ბავშვი ტელევიზორს. როდესაც ყურების ნებას მისცემთ, ეცადეთ რომ ზედიზედ 10-15 წუთზე მეტი დროით არ უყუროს, რადგან ამ დროის შემდეგ ბავშვი უკვე ვეღარ ახერხებს ყურადღების მოკრეფას და გაუცნობიერებლად უყურებს ტელევიზორს. 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ტელევიზორის ყურების ნებას მისცემთ, ეცადეთ, რომ დღეში 1 საათზე მეტი დრო არ გაატაროს ტელევიზორთან საერთო ჯამში. აქტიური ბავშვისთვის ესეც ძალიან ბევრია. ასევე არ დაუშვათ მის საძინებელში ტელევიზორის არსებობა და ჭამის დროს ყურება.

გონივრულად შეარჩიეთ სატელევიზიო პროგრამა – იმის ნაცვლად, რომ გაუცნობიერებლად უყუროს ბავშვმა მორიგ გადაცემას, თქვენ თავად შეურჩიეთ მას შესაფერისი პროგრამა. შერჩევისას კი გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: უპირატესობა მიანიჭეთ მშვიდ და ნელი მოქმედების გადაცემებს, რომელიც ბავშვს საშუალებას მისცემს მომხდარი გაანალიზოს და გონება ჩართოს ყურების პროცესში, ასევე ინტერაქტიულ გადაცემებს, რომელთა ყურების პროცესშიც ბავშვს შეუძლია ჩაერთოს სხვადასხვა მოქმედებით. ამის საპირისპიროდ, მოერიდეთ ისეთ გადაცემებს და ანიმაციურ ფილმებს, სადაც მოქმედება სწრაფად და სტიქიურად ხდება, ძალადობის შემცევ გადაცემებს, საშიშ და აგრესიულ პროგრამებს. 

უყურეთ ტელევიზორს ბავშვთან ერთად – კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც შეზღუდული დროით და შერჩეული შინაარსის პროგრამებს უყურებენ ტელევიზორით და ისიც, მშობლების თავდასწრებით, გაცილებით უკეთ სწავლობენ და ვითარდებიან გონებრივად. ხშირად ტელევიზორი ძიძის მაგივრობას გიწევთ, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ ბავშვი ტელევიზორთან დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ, რადგან არ აგრძნობინოთ, რომ არ გაინტერესებთ რას უყურებს თქვენი ბავშვი.

დაეხმარეთ გონივრულად განსაჯოს და კრიტიკულად უყუროს გადაცემებს – ამისათვის აუხსენით რა ხდება გადაცემაში თუ რეკლამის დროს, დაუკავშირეთ ეს ყოველივე სინამდვილეს და ისაუბრეთ, დაუსვით კითხვები პატარას მიეცით აზროვნების სტიმული. შესაძლოა ამ მიზნით უკეთესი იყოს, რომ ჩაწეროთ გადაცემა, და შემდეგ ერთად უყუროთ, დრო და დრო კი დააპაუზოთ და ერთად განიხილოთ თუ რა მოხდა. 

განავრცეთ სატელევიზიო პროგრამა და გადმოიტანეთ რაიმე მოქმედების სახით ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

მხოლოდ მაშინ ჩართეთ ტელევიზორი, როდესაც ბავშვი უყურებს. აუცილებლად გამორთეთ, როდესაც ის სხვა საქმით ან თამაშით არის დაკავებული, ნუ ჩართავთ ტელევიზორს ფონად.

დააწესეთ ტელევიზორის ყურების წესები, და მკაცრად დაიცავით ისინი. შესაძლოა მეტისმეტად მკაცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ იყოს ტელევიზორის ყურება ჯილდო და პრივილეგია და არა ნებადართული ქმედება. სცადეთ კვირაში რამდენიმე დღით საერთოდ აკრძალოთ მისი ჩართვა. 

გარდა გონებრივი განვითარების შეფერხებისა, ტელევიზორის ჭარბად ყურება იწვევს:

 

  • ჭარბწონიანობას, რადგან ბავშვი საკმარისად არ მოძრაობს;
  • აგრესიულ და საშიშ ქცევას ბავშვებში;
  • აყალიბებს არასასურველ წარმოდგენებს გადაცემის შინაარსის მიხედვით; 
  • რეკლამა განსაკუთრებით ახდენს გავლენას მის სურვილებსა და გემოვნებაზე, ამიტომაც მაქსიმალურად მოარიდეთ მას და როდესაც რეკლამის გავლენას შენიშნავთ, აუხსენით თუ რა დგას მის უკან. 

 

ამ წესების დაცვა არც ისე ადვილია, და პირველ რიგში მშობლისგან მოითხოვს მაღალი თვითდისციპლინის უნარს და ტელევიზორთან ურთიერთობის კულტურას. იმუშავეთ საკუთარ თავზე, პირველ რიგში და შემდეგ გადადით ბავშვებზე, დაიწყეთ ადრეული ასაკიდან! 

გისურვებთ წარმატებებს!


 

 წყარო:babyinfo
გაზიარება