0
 
0
პატარების მავნე ჩვევები: ეგოისტური ტირილი, ჭირვეულობა
 

პატარების მავნე ჩვევებზე სტატიების სერიის მომზადებისას გამოკითხვა განვათავსეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, სადაც მშობლებს ვთხოვეთ აღენიშნათ მათი აზრით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევები. “ეგოისტური ტირილი” მავნე ჩვევების ჩამონათვალში აღმოჩნდა და თან საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. 

ჩვენ კონკრეტულად ამ ტერმინის ახსნა არ გვითხოვია მშობლებისთვის, თუ რას გულისხმობდნენ “ეგოისტურ ტირილში”. ვფიქრობ ვისაც ერთხელაც მოუსმენია ბავშვის დაჟინებული, გულისგამაწვრილებელი ტირილი მისი უკმაყოფილების გამოსახატად ან რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიხვდება თუ რაზეა საუბარი. გვეჩვენება, რომ “ეგოისტური ტირილი” მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენს მწყობრიდან გამოყვანას. შესაძლოა, მაგრამ სპეციალისტები ამ ქცევის შემდეგ ახსნას გვთავაზობენ:

თუ 1-დან 3 წლამდე ბავშვებზე ვსაუბრობთ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შვილი თქვენით მანიპულირებს და ეს ტირილი ეგოისტურია.სპეციალისტების აზრით, თქვენი პატარა უბრალოდ უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და განაწყენებულია და ტირილით, ზოგჯერ კი აგრესიულად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს, რადგან სიტყვებით თვითგამოხატვა ჯერ კარგად არ შეუძლია. ამიტომაც მიმართავს თვითგამოხატვის ამ ფორმას, რომელიც აერთიანებს ტირილს, ყვირილს, ისტერიკას, საგნების სროლას, იატაკზე გაწოლას და სხვა უსაქციელობასაც. მშობლისთვის ეს სცენები რთული საცქერია. მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ:

 

  • მოთმინებით და უკომენტაროდ დაველოდოთ შეტევის დასრულებას. უმჯობესია მარტო არ დატოვოთ ამ დროს, რადგან საკუთარმა ემოციებმა არ შეაშინოს პატარა; ზოგიერთი ექსპერტი მის ჩახუტებას და დამშვიდებას გვირჩევს, ზოგი იგნორირებას. სცადეთ ორივე და თავად გადაწყვიტეთ, რომელი სჯობს თქვენი ბავშვისთვის;
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოთმინებით დაელოდეთ შეტევის დასრულებას. არ დანებდეთ და არ დაუწყოთ მოლაპარაკება. ნუ მოგერიდებათ გარშემომყოფების, ეს თქვენი შვილის აღზრდის მომენტია, სჯობს სწორად ჩაატაროთ პროცესი. თუ ბავშვის ქცევა აუტანელი გახდა და ის დასაშვებ საზღვრებს გასცდა, მაშინ გაიყვანეთ ამ ადგილიდან, მოაშორეთ უცხო ადამიანებს და მშვიდ ადგილას განმარტოვდით მასთან ერთად. 
  • როდესაც შეტევა ჩაივლის, დაელაპარაკეთ მას. აღნიშნეთ მისი გაწბილების მიზეზი და დაეხმარეთ იმაში, რომ შეძლოს საკუთარი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა. რის შემდეგაც ისევ მიანიშნეთ, რომ ახლა თქვენ მისი უკეთ გესმით, რადგან ის არ ტირის და უკეთ აგიხსნათ თუ რა აწუხებდა. 
  • დააკვირდით თუ რა აღიზიანებს თქვენს პატარას და რა მდგომარეობას გამოჰყავს იგი მწყობრიდან. ეცადეთ შეუმსუბუქოთ ეს სიტუაციები და მათი ზემოქმედება. ესაუბრეთ და წინასწარ მოელაპარაკეთ მას. დააყენეთ არჩევანის წინაშე. 

 

“ეგოისტური ტირილი” 1-დან 3 წლამდე ბავშვების თითქმის ყოველდღიური ქცევაა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მისის სიხშირე და ინტენსივობა ჩვეულებრივ იკლებს. თუ თქვენი პატარა 2 წლისა და ნახევრის შემდეგაც ასე განაგრძობს ყოველდღიურად საკუთარი ემოციების გამოხატვას და “ეგოისტური ტირილის” არც სიხშირე და არც სიძლიერე არ იკლებს, მაშინ შესაძლოა ეს არა ასაკობრივი ჩვევა, არამედ სტრესის მაჩვენებელი იყოს. ასე ხშირად ხდება, როდესაც ოჯახში დაძაბულობაა, ან თქვენი ცხოვრების რითმია მოუწესრიგებელი. ასევე საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს უსაქციელობის უმიზეზო შემოტევები 2 წლისა და ნახევრის ასაკამდეც, რომელიც დღეში 3-4-ჯერ ხდება და არ უკავშირდება არ გააჩნია გამომწვევი მიზეზი.  


წყარო:babyinfo 

გაზიარება