0
 
0
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას
 

პატარა თავისი ცხოვრების პირველ პერიოდში განსაკუთრებით საჭიროებს დედის ყურადღებასა და სითბოს. მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ბავშვი იყოს კარგ ხასიათზე და მუდამ იღიმებოდეს, მაგრამ დგება მომენტი როდესაც გართობის ყველა საშუალება ამოწურულია და ბავშვი ჭირვეულობას იწყებს. ამ დროს მშობლების მხსნელად საწოვარა გვევლინება. გარკვეული პერიოდი საწოვარა დედის მთავარ „დამხმარედ“  იქცევა, მაგრამ დგება პერიოდი როდესაც პატარა უნდა გადაეჩვიოს საწოვარის წოვას. 

რა სარგებლობა მოაქვს საწოვარას?

ახალდაბადებულს სხვა რეფლექსებთან შედარებით ყველაზე კარგად განვითარებული აქვს წოვის რეფლექსი.  ჩვილს პირველი ოთხი თვე ახასიათებს წოვის საჭიროება. თუ ბავშვს საწოვარას დროულად მისცემთ ეს აგაცილებთ ბავშვის მავნე ჩვევას - თითის წოვას. რომელიც ჩნდება წოვის დეფიციტის შედეგად. პედიატრების თქმით ის ბავშვები რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, ნაკლებად განიცდიან წოვის რეფლექსის დაუკმაყოფილებლობას. თუ ბავშვი კვებამდე იწყებს საწოვარის ან თითის წოვას ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს პატარას მოშივდა, ხოლო თუ კვების შემდეგ ესეიგი თქვენმა პატარამ შიმშილი ვერ დაიკმაყოფლა. 

ექიმები ბავშვის წოვის რეფლექს განიხილავენ , როგორც ფიზიოლოგიურ მოვლენას. საწოვარას წოვა ბავშვზე დამამშვიდებლად მოქმედებს, უადვილებს მას დაძინებას, უქმნის კომფორტისა და უსაფრთხოების გრძნობას. დროთა განმავლობაში, როცა ბავშვი იზრდება და ვითარდება ის იწყებს სამყაროს აღქმას, სათამაშოებით თამაშს და საწოვარას იმდენად აღარ საჭიროებს.

საწოვარას უარყოფითი მხარეები

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, საწოვარა აფერხებს ბავშვის განვითარებას. ამ თეორიის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რმ საწოვარა მავნებელი მაშინ ხდება, როდესაც ბავშვი მასზე ზედმეტადაა მიჯაჭვული. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც მშობლები ბავშვის გასაჩუმებლად ან „თავიდან მოსაშორებლად“ საწოვარას იყენებენ. ბავშვები, რომელსაც აკლიათ ყურადღება , სითბო და ზრუნვა უფრო მიჯაჭვულები ხდებიან საწოვარაზე. პატარები რომლებიც საწოვარის გარეშე ვერ ჩერდებიან სრულიად ტოვებენ განვითარების იმ პერიოდს, როდესაც პირში სხვადასხვა საგნებს იდებენ და სამყაროს „ მისი გემოთი ეცნობიან“.

ლოგოპედების აზრი საწოვარებთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. მათი ნაწილი აღნიშნავს , რომ ბავშვები, რომლებიც საწოვარას დიდხანს ხმარობენ, გვიან იწყებენ ლაპარაკს. მეორე ნაწილი კი აღნიშნავს , რომ წოვის შედეგად ბავშვებს უვარჯიშდებათ პირის აპარატის კუნთები. წოვისას დიდი დატვირთვა აქვს ენის წვერს, რომელიც ლაპარაკისთვის მთავარ როლს ასრულებს. ასევე, წოვის უკმარისობა ბავშვზე ცუდად აისახება , როგორც ლოგოპედური თვალსაზრისით ასევე ფსიქო-ემოციურითაც.

სტომატოლოგები საწოვარას ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ. მათი აზრით, საწოვარის დიდხანს გამოყენებამ ბავშვს შეუძლია ჩამოუყალიბოს არასწორი პირის ღრუს აპარატი. ბავშვს საწოვარას წოვისას პირი ბოლომდე არ აქვს დახურული ხოლო, წოვისთვის გაკეთებული მოძრაობები კბილების ამოსვლის მიმართულებას ცვლის და მათ დეფორმაციას იწვევს. კერძოდ: ზედა კბილები წინ მოდის, ხოლო ქვედა წვება და შიგნითაა მიმართული.

როგორ და როდის გადავაჩვიოთ პატარა საწოვარას

ცხოვრების მესამე-მეექვსე თვე ეს ის პერიოდია როდესაც ბავშვი იმდენად აღარ არის მიჯაჭვული საწოვარას. დაიჭირეთ ეს მომენტი. არ ღირს საწოვარის პირველ დღესვე გადაგდება როცა შეამჩნევთ, რომ ბავშვი შედარებით დამოუკიდებელი გახდა. გადაჩვევა დაგეგმეთ ეტაპობრივად. მაქსიმალურად შეეცადეთ გაართოთ ბავშვი, განსაკუთრებით კი ძილის წინ:  ესაუბრეთ, მოუყევით ზღაპარი , უმღერეთ. დღის განმავლობაში კი ხშირად ეთამაშეთ, ასეირნეთ.  

არავითარ შემთხვევაში არ წაართვათ ბავშვს საწოვარა. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მისი საყვარელი გასართობი სათამაშო, რომელსაც დაბადებისთანავე შეეჩვია. მისი წართმევით, ბავშვს დიდ სტრესს მიაყენებთ. ბავშვის გადაჩვევა დაიწყეთ ეტაპობრივად, თუ გრძობთ რომ ბავშვი საწოვარის გარეშე თავს ცუდად გრძნობს - დაუბრუნეთ. პატარას უნდა დაეხმაროთ გაზრდაში და ძველი ჩვევების დავიწყებაში და ეს უნდა მოხდეს თამაშით და არა იძულებით. მოგიყვანთ რამდენიმე რჩევას რომელიც დაეხმარება თქვენს პატარას საწოვარას დავიწყებაში.

  • ბავშვი ნელ - ნელა მიაჩვიეთ ჭიქიდან წყლის დალევას, ასევე სასურველია თუ ფაფებს აჭმევთ თეფშიდან და არა ბოთლით.
  • თქვენით არავითარ შემთხვევაში არ შესთავაზოთ ბავშვს საწოვარა. თუ პატარა თავად მოგთხვოვთ მაშინ დაუბრუნეთ. 
  • ბავშვს შეუძინეთ ბევრი სხვადასხვა სათამაშო, რათა ყურადღება სხვა რამეზეც გადაიტანოს.

თუ თქვენი შვილი უკვე მოზრდილია ბავშვს შეგიძლიათ მოუყვეთ რაიმე ისტორია. მაგალითად სხვა პატარა ბავშზე ან ცხოველზე, რომელსაც არ აქვს საწოვარა და ბევრს ტირის და მხოლოდ თქვენს შვილს შეუძლია მისთვის საწოვარის მიცემა და პატარის დაწყნარება. ასევე შეგიძლიათ ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი და სახლში „დაკარგოთ“ საწოვარა. დააკვირდით რა რეაქცია ექნება თქვენს პატარას. თუ ბავშვის ჭირვეულობას დაიწყებს სასწრაფოდ დაუბრუნეთ. დღის განმავლობაში თამაშისას ააცალეთ საწოვარა და სანამ არ მოიკითხავს ნუ გაახსენებთ მას, როცა დაიძინებს კი მძინარეს გამოაცილეთ პირიდან. გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან საწოვარა აუცილებელი შეიძლება გახდეს მაგ, აცრების დროს, მუცლის ტკივილის დროს და ა.შ. ასე პატარა ადვილად დაწყნარდება. თუ პატარა ჯერ ვერ აცნობიერებს თუ რას ნიშნავს ყიდვა, შეგიძლიათ დააზიანოთ საწოვარა და აუხსნათ, რომ საწოვარა გაფუჭდა ამდენი წოვისგან და აღარ გაკეთდება. ასევე შეგიძლიათ დღითი დღე საწოვარას მაკრატლით მოაჭრათ პატარ -პატარა ნაჭრები და ბავშვს უთხრათ, რომ მის საწოვარას რომელიმე ცხოველმა მოაჭამა, ბოლოს მას მხოლოდ პლასტმასი კიდე დარჩება. 

ამგვარი მოქმედებებით თქვენი პატარა ძალიან ადვილად დაივიწყებს საწოვარას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ გინდათ ბავშვის ფსიქიკის დაზიანება არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს მეთოდები:

  • საწოვარაზე მდოგვის ან წიწაკის წასმა
  • ყვირილი და დასჯა
  • ბავშვის შეშინება
  • ბავშვის წაქეზება, მაგ აი ის ბავშვი შენი ტოლია და არ წოვს საწოვარას და ა.შ
  • მოტყუება

გისურვებთ წარმატებას!

წყარო: babyinfo 

გაზიარება