0
 
0
ბაგა-ბაღებში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება
 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს სპეციალური კანონი დაარეგულირებს. პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 15 კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც აღნიშნული სფეროს კანონის დონეზე მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების როლის და კომპეტენციის განსაზღვრას ითვალისწინებს.
სადღეისოდ ერთიანი სამართლებრივი აქტი არ არსებობს, რომელიც უშუალოდ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დაარეგულირებდა. არსებობს მხოლოდ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ჩანაწერი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს შორის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა არის განსაზღვრული.
რაც შეეხება პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, როგორც მისი ავტორები განმარტავენ, პროექტში თავმოყრილია ყველა ძირითადი სტანდარტი, რომელმაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფერო უნდა დაარეგულიროს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: - ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტი ნერგავს საყოველთაო სასკოლო მზაობის პროგრამას ყველა ხუთი წლის ასაკის ბავშვისთვის. 
კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისთვის ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების
სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა. 
კანონპროექტში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა. ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა კი, კანონპროექტის თანახმად, გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა ჩართვა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, 

 

რომლის 7 წევრიდან 5 – მშობელი, ორი კი, დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი იქნება. 
პროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები: ჯგუფების ჩამოყალიბების წესი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა.
კანონპროექტი მკაფიოდ მიჯნავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს, დეტალურად განსაზღვრავს ამ სფეროში მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციის ფარგლებს.
კანონპროექტით ასევე ხდება ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების
ავტორიზაციის სავალდებულო წესის შემოღება. ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო იურიდიული პირი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს. ავტორიზაციის წესს კი, რომელიც ყველა მუნიციპლაიტეტისთვის საერთო იქნება, მთავრობა განსაზღვრავს. 
საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. 

წყარო:ინტერპრესნიუსი

გაზიარება